საქართველო

ნაფეტვრების და ლისი-მუხათწყაროს 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისიდან ნაფეტვრებთან მისასვლელი 4.6 კმ-იანი გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს ეს პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა.

პროექტს, რომლის ბიუჯეტი 13 მლნ ლარამდეა, ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს, სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, 21 კმ-იანი გზა, რომელიც აკავშირებს ლისს, მუხათწყაროს, ქვემო წყლულეთსა და ნაფეტვრებს. აქ მუდმივად ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე, ბუნებრივია, ეს გზა მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვისაც, რომელიც წლების განმავლობაში ამ ტერიტორიას სააგარაკედ იყენებს. კარგი ტემპით მიმდინარეობს სამუშაო და კონტრაქტორთან კომუნიკაციის შედეგად შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ პროექტი შეიძლება დროზე ადრე დასრულდეს და წლის ბოლოსთვის უკვე ამ მონაკვეთის სრული ექსპულატაცია მოხერხდეს. გასულ წელს გზების დეპარტამენტმა და თბილისის მერიამ მოახერხეს რესურსის გამოძებნა და თბილისისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელი 4.6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. შესაბამისად, ეს 21 კმ-იანი მონაკვეთი შეკრავს ერთიან პროექტს და სრულად მოაწესრიგებს ამ ზონაში საგზაო ინფრასტრუქტურას,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაცნობის შემდეგ.