საქართველო

„ნატო ჩვენთვის არის არა მხოლოდ სამხედრო ერთობა, არამედ ღირებულებების ერთობა და ნატოში ინტეგრაციას ჩვენ ვხედავთ ამ ღირებულებების დაცვის გარანტიას საქართველოში“ – ლევან იზორია

„ნატო ჩვენთვის არის არა მხოლოდ სამხედრო ერთობა, არამედ ღირებულებების ერთობა და ნატოში ინტეგრაციას ჩვენ ვხედავთ ამ ღირებულებების დაცვის გარანტიას საქართველოში. ეს ღირებულებები არის: დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვის ძალების ინსტიტუციურ განვითარებასა და აღმშენებლობაზე, სწორედ ამ ღირებულებების განმტკიცება გვაქვს მხედველობაში,“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ სიტყვით გამოსვლისას.

ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება სწორედ ამ ადგილას, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართება და სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზას, პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართველი სამხედროები უხელმძღვანელებენ: „ეს არის საქართველოს აღიარება, ასევე, გაცხადება იმისა, რომ ქვეყანა მზად არის ნატოსთან ერთად ჩაატაროს სწავლებები. მით უფრო, რომ ამ სწავლებას პირველად ვატარებთ საკუთარი პასუხისმგებლობით, ანუ დაგეგმვისა და აღსრულების ნაწილს ჩვენ ვხელმძღვანელობთ. ეს არის აღიარება ჩვენი, როგორც ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორის, რომელიც მზად არის გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა“.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამ სწავლების ფარგლებში მნიშვნელოვან სტუმრებს უმასპინძლებს, მათ შორის ნატოს გენერალურ მდივანსა და ნატოს სამხედრო კომიტეტს. „არნახული დინამიკა და ხილვადობაა ნატოსი საქართველოში. ჩვენ როგორც ბრიუსელში ვიზიტის დროს განვაცხადეთ, წელს უფრო მეტი ნატო იქნება საქართველოში, უფრო მეტი ინიციატივების განხორციელება იქნება, რაც, რა თქმა უნდა, მყარი საფუძველია იმისთვის, რომ ჩვენს სტრატეგიულ ამოცანას დავუახლოვდეთ, რასაც ჩვენი ქვეყნის ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანება ჰქვია,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლება არ არის მიმართული არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ: „კიდევ ერთხელ ვამბობთ ცალსახად, რომ ეს არ არის მიმართული არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ“. მისი განცხადებით, ჰიბრიდულ გამოწვევებზე ჩვენი პასუხი სტრატეგიული ამოცანის განხორციელებისკან ურყევი მშვიდობიანი სვლა უნდა იყოს: „ჩვენი პასუხი ამ ჰიბრიდულ შემოტევებზე არის ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი სტრატეგიული ამოცანის გარშემო ურყევი სვლა და ჩვენი მზადყოფნის ხარისხი იმისთვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ ცივილიზებულ სამყაროსთან საერთო ძალისხმევით მოვაგვაროთ პრობლემები, მათ შორის, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს ღირსეული განვითარების შესაძლებლობა, რაც ჩვენი და მოსახლეობის უმრავლესობის ღრმა რწმენით, მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით არის უპირობოდ შესაძლებელი“.