საქართველო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს ორშაბათს დაიწყებს.

25 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ხვალვე იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ ეწვევა.

„ასეთი დატვირთვით ნატოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა მიანიშნებს, რამდენად პრიორიტეტულია საქართველო ნატო-სთვის“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ქართული საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ნატო-ს ეგიდით საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვიზიტი ტარდება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ. მინისტრის განცხადებით, ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში, მიმდინარე და მომდევნო კვირა უაღრესად ინტენსიური იქნება.