საქართველო

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

მხარეებმა ისაუბრეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC​) ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.