საქართველო

ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა

მთავრობა აგრძელებს თანმიმდევრულ მოქმედებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრზოლაში, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ძირითადად, კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს ბათუმში.

„ღონისძიებების და არსებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით, კონტროლი საკმაოდ გამკაცრებულია. მათ შორის, კონტროლი გამკაცრებულია ბათუმში, უფრო კონცენტრირებულად. გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება. მათ შორის, სრული კარანტინი არ იგეგმება, ამ ეტაპზე, არც ბათუმში. ამიტომ, ამ მხრივ, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, თუმცა შეზღუდვები მიმდინარეობს ლოკალურად და წერტილოვნად იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს. მაგალითად ბათუმში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, ისევე, როგორც შეზღუდვები დაწესებულია და ძალაშია სასწავლო პროცესთან მიმართებით”, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, პრემიერის დავალებით, ბათუმში, სიტუაციის მართვისა და უკეთესი მენეჯმენტის მიზნით, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

„გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ მოსახლეობისგან, ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ამიტომ, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, რათა პრობლემები, არსებობის შემთხვევაში აღმოიფხვრას”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში.

„გაძლიერებულია თერმოსკრინინგი, განსაკუთრებით ბათუმში. ასევე თერმოსკრინინგი იქნება ინტენსიური ბათუმში შემსვლელებსა და გამსვლელებზე. მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერაციული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს და ის ადამიანები, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას,”- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს, რათა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ.

„რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დავაწესეთ, განსაკუთრებით სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით, აქ, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ამ ინდუსტრიაში იყვნენ ჩართულები და შემოსავალს იღებდნენ, ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ამ ადამიანებს ეს შეზღუდვები შეეხოთ და გარკვეული ზარალი განიცადეს. მთავრობა მუშაობს, რომ ამ ადამიანებს აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ. ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რათა მაქსიმალურად მოვექცეთ კანონის ჩარჩოებში, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და ეს თემები არ უნდა გახდეს სპეკულაციის საგანი, თუმცა, ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და შეგვიძლია, ეს ადამიანები დავამშვიდოთ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან რეგულაციები და ხაზი გაუსვა, რომ კონტროლი გამკაცრებულია.

„რაც შეეხება რეგულაციებს, რომლებთან დაკავშირებითაც კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას მოვუწოდოთ – პირბადეები ყველგან, დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში განსაკუთრებით. კონტროლი გამკაცრებულია და გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცია მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველგან. მთავრობა მუშაობს თანმიმდევრულად. ჩვენ აღარ მივდივართ სრული კარანტინის გზით, ვმუშაობთ ლოკალურად და ამას სჭირდება საზოგადოების მხრიდან ხელშეწყობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და მაქსიმალურად ვიმუშაოთ”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.