საქართველო

ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ღამის კლუბებში ნარკოტიკებით ვაჭრობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე თბილისის ღამის კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესასთან კომენტარი მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

მან განაცხადა, ღამის კლუბებში ნარკოტიკებით ვაჭრობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა და უწყებამ არასამთავრობო სექტორის და ღამის კლუბების წარმომადგენლებს ის ვიდეომტკიცებულებები წარუდგინა, სადაც კლუბების შიგნით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტებია ასახული.

„ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულებები, უშუალოდ ვაჩვენეთ ამ ადამიანებს ის მტკიცებულებები, ვიდეომასალა, სადაც ასახული იყო კლუბებში უშუალოდ, შიგნით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არაერთი ფაქტი – იყო ისინი, რომელიც გასაჯაროვდა და იყო ასევე სხვა ვიდეომასალაც. გასაგებია, რომ აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის არსებობს. მე მესმის, რომ მათ არ უნდათ, რაღაც დადასტურებული ფაქტების აღიარება, ალბათ, გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა ერთი რამე ფაქტია, რომ იმ კლუბებში, სადაც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, სისტემატურად ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა და დააზუსტა, რომ ასეთი ვიდეოფაქტები „ბასიანშიც“ აქვთ გადაღებული.

„კლუბებში, როგორ ერთ კლუბში, ისე მეორე კლუბში ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების გასაღება. არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეოსაშუალებები, აბა რისთვის შევედით, რისთვის ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები?!.. საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანთ. ყველა გამსაღებელი, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდა, დაკავებულია, მათ შორის შვიდი დაკავებულია გარეთ, ერთი დაკავებულია კლუბში, ეს არის დაცვის უფროსი“, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრით უკმაყოფილოა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ პროტესტი არ დასრულებულა და მხოლოდ იმას ელოდებიან, თუ რა შედეგს გამოიღებს უწყებაში გამართული შეხვედრები.

„რომ გითხრათ, რომ ეს ადამიანები აღიარებენ, რომ მათ დაარღვიეს იქ ადამიანის უფლებები, ეს ასე არ არის. ჰიპოტეტური ბოდიში არის მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუკი ჩვენ დავუმტკიცებთ, რომ მათ ჩაიდინეს დარღვევები. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვიმყოფებით ჯერ კიდევ საპროტესტო რეჟიმში, ანუ არ დასრულებულა პროტესტი. პროტესტი მხოლოდ შეწყდა. ჩვენი მოთხოვნები არის ძალაში. ჩვენ ველოდებით რამდენად შედეგს გამოიღებს ეს შეხვედრები. დღევანდელი შეხვედრით მე პირადად კმაყოფილი არ ვარ“, განაცხადა წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.