საქართველო

ნათია მეზვრიშვილი: პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას, მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება

პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას, მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე.


როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, დღეს არის პირველი დღე, როდესაც ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება.



„დღეს გვაქვს პირველი დღე, როდესაც ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება. ხარვეზები, რაც მართვის პროცესშია, ნაბი-ნაბიჯ სწორდება. შტაბი, თითოეული სამინისტრო და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ჩართულები არიან ამ პროცესში. პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება.



ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს ადაპტაციის და მართვის ეტაპზე არის ის, რო ამ პროცესის მართვადობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რაც ბუნებრივია, ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი, რაშიც იგულისხმება სახელმწიფოს მხრიდან ამ წესების აღსრულება და მოქალაქეებისა და დაწესებულებების და კერძო დაწესებულებების მხრიდან წესების და რეკომენდაციების შესრულება. თუ ჩვენ გვექნება წესების შესრულების ნაწილში 90%-იანი შესრულება, ვირუსის გავრცელების შენელება 70%-ით არის შესაძლებელი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეებშიც ატარონ.



„ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში და ჩვენც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება – მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამას მოითხოვს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარების, განსაკუთრებით იმ ადგილებში, გარეთ, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.



მისივე თქმით, აღნიშნული გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების, შრომის ინსპექციისა და შსს-ს მიერ. ნათია მეზვრიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ მოქალაქეები დაიცავენ ამ მკაცრ რეკომენდაციას და არ გახდება საჭირო აღნიშნულთან დაკავშირებით ჯარიმების დაწესება.



„ეს გაკონტროლდება ასე ვთქვათ შესაბამისი სამსახურების, შრომის ინსპექციისა და შსს-ს მიერ, ამიტომ გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარეთ პირბადე ვატაროთ, იქ, სადაც განსაკუთრებით დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იყრის თავს. ამ ეტაპზე ამას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა მკაცრი რეკომენდაციაა, გთხოვთ, რომ ამას მაქსიმალურად გაგებით მოვეკიდოთ და დავიცვათ იმისთვის, რომ შემდეგ არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზეც ჯარიმის დაწესება, იმედი გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები ამ წესს შეასრულებენ. პირბადე არის ქმედითი საშუალება, დისტანციის დაცვასა და სხვა წესებთან ერთად, რომ ვირუსის გავრცელების შენელება მოხდეს და რეალურად, პირბადე გვიცავს, ამიტომ გთხოვთ, რომ ეს რეკომენდაცია მაქსიმალურად შეასრულოთ,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.