საქართველო

ნათია თურნავა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის მეტ ჩართულობაზე. ასევე განიხილეს ოქტომბერში დაგეგმილი დიასპორის ეკონომიკური ფორუმის ჩატარების საკითხები, რომელშიც მონაწილეობას უცხოეთში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები მიიღებენ.


ფორუმი ხელს შეუწყობს დიასპორის წარმომადგენლებს, გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მონაწილეები ასევე გაეცნობიან ბიზნესის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებს, რომლითაც მათ სარგებლობა შეუძლიათ.


აღინიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართული დიასპორის მეტი ჩართულობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მნიშვნელოვანია.


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.