საქართველო

ნათია თურნავა: მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის ნათელი გზავნილია

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისა და პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი და ნათელი გზავნილია, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას.

მინისტრის თქმით, აშშ-თან თანამშრომლობა დღეს, როგორც არასდროს, ყველა მიმართულებით აღმავალ ეტაპზეა.

„განსაკუთრებით მინდა შევეხო ჩვენს თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით. ამ მხრივ, ძალიან ბევრი რამ კეთდება და ამ პროცესში ორმხრივად ბევრი სამუშაო არის გაწეული. ჩვენ დავასრულეთ მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა, თუ რაოდენ მიმზიდველი და მომგებიანი იქნება თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სა და საქართველოს შორის.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წლიდან წლამდე, პანდემიის მიუხედავადაც, საქართველოში ამერიკული ინვესტიციები იზრდება. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკელ ინვესტორებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ამერიკელი ინვესტორების მიერ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.