საქართველო

ნათია თურნავა: „ის ფაქტი, რომ ჩვენ ტურისტებს უსაფრთხოდ მოვემსახურებით, ჩვენი უპირატესობაა“

„აქ ჩამოსვლა ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც აქამდე უსაფრთხოდ ვუძღვებოდით ჩვენ ამ სიტუაციას. საქართველო ძალიან უსაფრთხოა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და სრულიად მსოფლიოს გავაცნოთ – საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყანაში ტურიზმის სექტორის ამოქმედების და უცხოელი ტურისტების შემოსვლის საკითხზე საუბრისას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ მხრივ ძალიან დიდი ინტერესია სხვა ქვეყნების მხრიდან და ის ყოველდღიურ კომუნიკაციაშია თავის უცხოელ კოლეგებთან.

„მერწმუნეთ, ძალიან დიდი ინტერესია, გუშინაც გვქონდა შეხვედრა უნგრეთის ელჩთან. პრაქტიკულად ყოველდღიურად მაქვს სატელეფონო ზარები და ონლაინ შეხვედრები ჩემს კოლეგებთან – ტურიზმის, ტრანსპორტის თუ ეკონომიკის მინისტრებთან – როგორც ევროპული სახელმწიფოებიდან, ასევე ზოგადად ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში“ – აღნიშნა მან.