საქართველო

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი: Fitch-ის რეიტინგში დაწინაურება საქართველოს ეკონომიკური პროგრესის აღიარებაა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი რობერტო აზევადო Fitch-ის რეიტინგში დაწინაურებას საქართველოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის პროგრესის აღიარებაა. ამის შესახებ აზევადომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რა დროსაც მან დავით ზალკალიანს მიულოცა Fitch-ის რეიტინგში დაწინაურება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მივულოცე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით კი Fitch-ის რეიტინგში დაწინაურება, რაც წარმოადგენს საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესის აღიარებას. საქართველოს მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, ეს გახლავთ ის ფაქტორები, რამაც გავლენა იქონია რეიტინგის გაუმჯობესებაზე. აღნიშნული ასევე ასახავს საქართველოს რეფორმებს და ეკონომიკურ ღიაობას რასაც საქართელოში ვხედავთ. საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, რაც განსაკუთრებული მიღწევაა, რომელიც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია მდგრადი გავითარებისთვის რასაც ჩვენ ვესწრაფით”, განაცხადა რობერტო აზევადომ.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო.

„დღევანდელი ინტეგრირებული ეკონომიკის ფარგლებში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გლობალურად ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, რომელიც არის პროგნოზირებადი, მარტივი და საშუალებას აძლევს კომპანიებს მოახდინონ ინტეგრაცია და ააწყონ გლობალური საწარმოო ჯაჭვი”, განაცხადა აზავედომ.

მისივე განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან შედგა ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბარი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. განვიხილეთ ის მიმართულებები, სადაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მეტი დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, საქართველოდან ექსპერტების და ოფიციალური პირების ვიზიტების ორგანიზებასა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და დიალოგზე”, განაცხადა რობერტო აზევადომ, როგორც ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.