ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

მოსკოვის სიახლოვეს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს

რუსი გამომძიებლები მოსკოვის სიახლოვეს, თოვლით დაფარულ მინდვრებში სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.

„სარატოვის ავიახაზების“ ავიალაინერმა, რომლის ბორტზეც 71 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში განიცადა კატასტროფა. ბორტზე მყოფი ყველა პირი, მათ შორის ბავშვი და ორი მოზარდი, დაღუპულია.

როგორც BBC იუწყება, ოფიციოზის თქმით, ისინი მომხდარის მიზეზად ამინდის მდგომარეობას, ადამიანურ შეცდომას და ტექნიკურ ხარვეზს განიხილავენ. მათ ტერორიზმის შესაძლებლობა არ აღუნიშნავთ.

როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, „სარატოვის ავიახაზების“ წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავს გაფრენამდე ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდა, ისევე როგორც ეს ავიალაინერებს „ყოველი გაფრენის წინ უტარდებათ და არავითარი ხარვეზი არ დაფიქსირებულა“.

თვითმფრინავი მოსკოვიდან ურალის მთების მიმართულები, ორსკისკენ მიფრინავდა, როცა ის კვირას, შუადღისას, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრის დაცილებით მდებარე სოფელ არგუნოვოსთან ჩამოვარდა. ნამსხვრევები და ცხედრების ნაწილები დიდ ფართობზეა მიმოფანტული.

მაშველებმა თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები დატოვეს და ინციდენტის ადგილამდე ფეხით მივიდნენ. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს თქმით, ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოების ჩატარებას სულ მცირე ერთი დღე დასჭირდება.

BBC-ის ცნობით, თვითმფრინავს გადაუდებელი დახმარების ზარი არ განუხორციელებია. ფრენის ერთ-ერთი ჩანაწერი აღდგენილია.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ტრაგედიის გამო ასევე სამძიმარი გამოხატეს აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა.