ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

მოსკოვის მერი: რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე 3-ჯერ მეტს – 300 000-ს შეადგენს

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად, 11 231-ით გაიზარდა და უკვე მე-5 ერთმანეთს მიყოლებული დღეა, რაც ინფიცირების გამოვლენილი რიცხვი ყოველდღიურად 10 000-ზე მეტია, იუწყება BBC.

ვირუსის ეპიცენტრი დედაქალაქი მოსკოვია, სადაც ოფიციალური ცნობებით 96 676 შემთხვევა ფიქსირდება. მთელი რუსეთის მასშტაბით კი 177 160 ინფიცირებულია გამოვლენილი, მათგან, როგორც ამას მთავრობა აცხადებს, 1 625 ადამიანია გარდაცვლილი, გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მათ შორის ისეთებში, სადაც ინფიცირების გაცილებით ნაკლები რაოდენობაა დადასტურებული.

ამ ბოლო მონაცემებით რუსეთი ახლა უკვე მსოფლიოში მე-5 ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით.

მაგრამ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მაღალია. ახალი ამბების სააგენო „ტასის“ თანახმად, სობიანინმა თქვა, რომ მხოლოდ მოსკოვში, ინფიცირებულების რაოდენობა დაახლოებით 300 000-ს შეადგენს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მდგომარეობა „ძალზე სერიოზული“ რჩება და გააფრთხილა მოქალაქეები, რომ „პანდემიის სასტიკი ფაზა“ წინ არის და ის რამდენიმე კვირის შემდეგ დადგება.

მოსკოვის მერის, სობიანინის ახლახან გამოცემული ბრძანებით, მომსახურების, კულტურის, განათლების, სპორტის სფეროებში შეზღუდვები, ასევე თვითიზოლაციის რეჟიმი 31 მაისამდე გახანგრძლივდება, თეატრების და რესტორნების გახსნაზე საუბარი კი ჯერ ნაადრევია.

მოსკოვში მკაცრი საგანგებო ზომებია მიღებული და ქალაქის 12 მილიონ მცხოვრებს, მცირე გამონაკლისების გარდა, სახლში დარჩენის ვალდებულება განუსაზღვრეს.

გასულ კვირას კორონავირუსით ინფიცირება რუსეთის პრემიერ მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს დაუდასტურდა.

მიშუსტინი, რომელიც მთავრობის მეთაურად იანვარში დაინიშნა, საავადმყოფოში მკურნალობს. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი თავს შესანიშნავად გრძნობს და აქედან გამომდინარე, მას საავადმყოფოდან მუშაობის შესაძლებლობა აქვს.

კორონავირუსი დაუდგინდა ასევე რუსეთის მთავრობის მეორე წევრს, საბინაო მინისტრს, ვლადიმერ იაკუშევს.

GUARDIAN.GE