აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

მოკლულია სულ მცირე 7 პალესტინელი, მათ შორის „ჰამასის“ მეთაური ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად

პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით ექვსი პალესტინელი, მათ შორის „ჰამასის“ ადგილობრივი მეთაურია მოკლული ღაზას სექტორში ისრაელის ოპერაციის შედეგად, იტყობინება BBC, Haaretz-ის ინფორმაციით კი სულ მცირე 7 პალესტინელია მოკლული.

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მოკლულია მათი ერთი ჯარისკაცი, მეორე კი დაჭრილია ღაზას სექტორში სპეციალური ძალების მიერ განხორციელებული „საოპერაციო აქტივობებისას“.

შეტაკებები ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, ხან იონუსის აღმოსავლეთით მოხდა.

ისრაელმა ღაზადან გაშვებულ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა შეეწყვიტა თავისი ხანმოკლე ვიზიტი პარიზში – სადაც პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიმდინარე ღონისძიებები იმართება – და კვირა საღამოს ისრაელში დაბრუნებულიყო, იტყობინება პრემიერის ოფისი.

ღაზას სექტორში დომინანტი სამხედრო ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ წარმომადგენელმა მომხდარი ინციდენტი აღწერა, როგორც „ისრაელის ლაჩრული თავდასხმა“.

დასახელდა მოკლული პალესტინელი მებრძოლის ვინაობა – იგი ხან იონუსში „ჰამასის“ სამხედრო ფრთის, იზედინ ალ-ქასამის ბრიგადის მეთაური შეიხ ნურ ბარაკეჰია (მაღლა ფოტოზე ბარაკეჰის დედა, რომელიც მორგში მივიდა, სადაც მისი შვილის ცხედარი გადაასვენეს).

„ჰამასის“ განცხადებით, ისრაელის სპეციალური ძალებმა ცეცხლი იმ ავტომანქანიდან გახსნეს, რომელიც ღაზას სექტორის შიგნით დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. ამის შემდეგ კი საპასუხო ცეცხლი გაიხსნა და თვითმხილველების თქმით, ისრაელმა ოპერაციაში საჰაერო ძალები და სატანკო ნაწილები ჩართო და ადგილი ჰქონდა აფეთქებებს.

ისრაელის სამხედრო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების სპეციალური ძალების ოპერაციული აქტივობის დროს, საპასუხო ცეცხლი გაიხსნა. ამ ინციდენტისას ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერი იქნა მოკლული და კიდევ ერთმა ოფიცერმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო. მათი ოჯახები ინფორმირებული არიან“.

guardian.ge