საქართველო

მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში – ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მისიას, რაც ევროპაში ყველა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას და ხელშეწყობას გულისხმობს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. თავის გამოსვლაში ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოსა და უკრაინაში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებულ სიტუაციაზე.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ ადამიანის უფლებათა უმძიმეს დარღვევებს იმ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლი ვერ ხორციელდება და სადაც მოსახლეობას წართმეული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები. ამ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ არ აქვთ წვდომა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროპის საბჭოს“- განაცხადა ზალკალიანმა.

მან კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მიმართ.

“მინისტრთა კომიტეტი კვლავ ინტერესით ადევნებს თვალყურს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს. მინისტრთა კომიტეტმა მრავალჯერ გააკეთა მოწოდება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის შესახებ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მნიშვნელოვანია სრულად განხორციელდეს მინსკის შეთანხმება და შესრულდეს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. იმედის მომცემია უკვე გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი, კერძოდ, ახალი დინამიკა ნორმანდიის ფორმატში და ტყვეთა გაცვლა დეკემბერში. მეორე მხრივ, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ყირიმში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებით, განსაკუთრებით, უმცირესობების წარმომადგენლებთან მიმართებაში”- განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოსთან მიმართებაში მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული წლის ნოემბერში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გენერალური მდივნის ბოლო ანგარიშის განხილვა მოაწყო. განხილვისას, დელეგაციებმა დაადასტურეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს ჰქონდეს წვდომა კონფლიქტის ზონებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს აღნიშნულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვა. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი ყოველწლიურად იღებს გადაწყვეტილებას თავისი დღის წესრიგის საკითხზე: „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ადგილზე არსებული ურთულესი მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას აძლევს. მინისტრთა კომიტეტი მომავალშიც მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდება საქართველოში არსებულ კონფლიქტს, რომელიც მუდმივად დარჩება მინისტრთა მოადგილეების ყოველკვირეული შეხვედრების დღის წესრიგში.“ – განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 28 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო ასამბლეის წინაშე საქართველოში, მათ შორის, კონფლიქტის ზონებში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრებს.