საქართველო

მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ რუსეთის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული

საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება აღებული, რომელსაც ყოველგვარი ბარიერების მიუხედავად ძალიან მიზანმიმართულად ახორციელებს – კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას მრავალი მიმართულება აქვს და მათ შორისაა რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თუმცა, როგორც ქვეყნის პირველი დიპლომატი აცხადებს „ჩვენ რუსეთის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ვერ დაველოდებით მის ნაბიჯებს”.

მისი განცხადებით საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გამოიძებნოს ხიდები, გამოიძებნოს შესაძლებლობები აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის.

„პირველ რიგში საჭიროა, რომ რუსეთმა მოახდინოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ხელი არ შეუშალოს და მისცეს საშუალება საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შედგეს რეალური შერიგების პროცესი.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ვერ დაველოდებით მის ნაბიჯებს. ჩვენის მხრივ, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გამოიძებნოს ხიდები, გამოიძებნოს შესაძლებლობები ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის.

სწორედ ამის გამო, პრემიერ მინისტრმა გააჟღერა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები. ეს არის დიდი პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს, გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს განათლების მიმართულებით და ასევე ახალ შესაძლებლობებს ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობის მიმართულებით და გადაადგილების მიმართულებით. ეს ვფქირობთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს, არიან ოკუპაციის წნეხის ქვეშ და შეზღუდული აქვთ ბევრი შესაძლებლობა სწორედ ამ ოკუპაციის გამო.

ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიების მაქსიმალურ იზოლაციას ახდენს, ეს გამოხატულია, თუნდაც გადასასვლელების დახურვით საოკუპაციო ხაზზე თუ სხვა შეზღუდვებით, რომელიც უწესდებათ იქ მცხოვრებ ადამიანებს. მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრივ გვინდა, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი რათა ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღონ ახალი შესაძლებლობები, რაც გააჩენს მეტ ნდობას და გააჩენს შესაძლებლობებს მათი შერიგებისთვის და ახალი ნაბიჯებისთვის….

პირველ რიგში, რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან და პრინციპებთან, მოახდინოს დეოკუპაცია ჩვენი ტერიტორიის, და ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტის შესაბამისად ხელი შეუწყოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას ოკუპირებულ რეგიონებში, რათა გაჩნდეს მეტი შესაძლებლობები მეტი ურთიერთობებისთვის, მეტი კონტაქტისთვის და შერიგებისთვის”, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.