საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა უკრაინელი მოსწავლეები თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში მიაცილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის 98-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რამდენიმე მოსწავლე უკვე ჩაირიცხა.

მინისტრმა მოსწავლეები საკლასო ოთახებამდე მიაცილა და მათ ახალი მეგობრები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა სკოლის დირექტორთან ერთად მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, ბავშვების საჭიროებებს პირადად გაეცნო და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მათთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის დეტალები განიხილა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების გამარტივებული წესით ჩარიცხვას. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 110 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 58 უკვე ჩარიცხულია, 52 კი უმოკლეს ვადაში ჩაირიცხება.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.