საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდრესენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდრესენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ელჩის მოადგილე მარკო სოლდიკი და საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი ხათუნა ხუციშვილი.

მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრობლობისთვის და იმ პროექტებისათვის, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობისა და ინკლუზიური განათლების კუთხით ერთობლივად განხორციელდა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა სწორედ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით დაიწყო.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრებისა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისათვის მობილობის ხელშეწყობის აუცილებლობა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.