საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი ნათელი ხდება, ივანიშვილის 2012 წლის არჩევნები იყო ერთი დიდი რუსული სპეცოპერაცია

„რუსთავი 2″-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, რომ სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გეგმავდა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობაში დახმარების თხოვნას, მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერი ცხადყოფს, რომ 2012 წლის არჩევნები იყო ბიძინა ივანიშვილის რუსული სპეცოპერააცია.

„არაა დაფარული, რომ არა გაცხადდეს – ჩხარტიშვილი ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში შეეცადა ბიზნესის დარეკეტებას, მაგრამ არ გამოუვიდა, ეს ანაბრების ქურდი და შევარდნაძის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი. გაიქცა ინგლისში და შემდეგ იყო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ივანიშვილის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის.

2012 წელს, ახლა ყველაფერი ნათელი ხდება, ივანიშვილის არჩევნები იყო ერთი დიდი რუსული სპეცოპერაცია თავის ჩანაწერებით, თავის შესრულებით, თავის პროპაგანდით, თავის ფულით და ყველაფრით. მოკლედ, შეგვისრულეს რუსებმა.

მერე ივანიშვილმა ერს დაუფასა. ჩხარტიშვილი დააბრუნეს და მისცეს უამრავი ქონება, მიწები, საწარმოები, ბიუჯეტისა და სხვა ბიზნესმენების ხარჯზე, ქართველი ხალხის საკუთრების ხარჯზე.

ახლა ჩვენ გვიტარებენ მეორე რუსულ სპეცოპერაციას სალომე ზურაბიშვილის სახით, სადაც ასევე ძალიან აქტიურია ჩხარტიშვილი, რომელიც გახდა, ფარცხალაძესთან ერთად და უჩასთან ერთად ივანიშვილის მთავარი რეკეტიორი და ახლა უკვე საბოლოოდ უნდა მოამთავრონ ქართული სახელმწიფო.

ის შეცდომები, რომელიც ჩვენ დავუშვით 2012 წელს ქართველმა ხალხმა აღარუნდა გაიმეოროს და აღარ უნდა გაამარჯვებინოს ჩხარტიშვილებს, უჩებს, შმაგებს, სალომე ზურაბიშვილებს და რაც მთავარია ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში.

საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავის ღირსება, საქართველო ვეღარ უნდა დაამცირონ, ვეღარ უნდა მოატყუონ, ვეღარ უნდა ჩაკლან ის სიღარიბეში. ჩვენ ამ სიღარიბიდან ამოვალთ აუცილებლად, ჩვენ ვიქნებით სწრაფად განვითარებადი ქვეყანა დემოკრატიული მექანიზმებით, პირდაპირი დემოკრატიით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, ხალხის თანასწორობით და ხალხის ინტერესებში მოქმედი ხელისუფლებით, ესენი აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„რუსთავი 2″-მა გუშინ, 10 ოქტომბერს გაასაჯაროვა ახალი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე საუბრობენ. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, ჩხარტიშვილი საუბრობს, თუ როგორ შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა.

guardian.ge