საქართველო

მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ 28 ნოემბერს ქვეყანა არამხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ზოგადად, ქვეყნის არსებობა-არარსებობას ირჩევს.

„ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ხვალ არის გადამწყვეტი დღე ჩვენი სამშობლოსთვის – საქართველოსთვის. ხვალ არ წყდება უბრალოდ ის, ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ხვალინდელი დღის შედეგზე დამოკიდებულია საქართველოს არსებობა, საქართველოს დამოუკიდებლობის ყოფნა-არყოფნა, საქართველოში ქართველების დარჩენა-არდარჩენა.

საქმე იმაშია, რომ რუსეთიდან შემოგდებულმა ოლიგარქმა და ასევე რუსეთის ხელდასმით დაყენებულმა კანდიდატმა უკვე გამოაცხადეს, რომ მათ უნდა გაასამართლონ ჩვენი სამხედროები საქართველოს დაცვისთვის; რომ ისინი მზად არიან, შექმნან საფუძველი საქართველოს ტერიტორიების ანექსიის აღირების მსოფლიოს მიერ; ისინი ამტყუნებენ საქართველოს. ამის პარალელურად, ოლიგარქმა დასახა გეეგმები „საქართველოს რკინიგზის“, მთელი ელექტროსისტემის და ყველაფერი დანარჩენის, რაც ჯერ ჯიბეში არ ჩაუდია, ჯიბეში ჩადების და თქვენი საბოლოოდ გაღატაკების და თქვენი ოჯახების მიწასთან გასწორების.

ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა არ ქნას ხვალ მან თავისი გაიტანოს, საქართველოს უკანმოუხედავად დატოვებს კიდევ ერთი მილიონი ყველაზე შრომისუნარიანი ქართველი და ისინი უკან ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში.

ასეთი დიდი საფრთხის წინაშე საქართველო არ მდგარა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ, ახლა ყველას გვმართებს ძალიან დიდი მობილიზაცია და დაფიქრება.

რონალდ რეიგანმა თქვა, რომ ჩვებ ვართ – ამერიკა ერთი თაობის იქეთ არის თავისუფლების დაკარგვამდე. საქართველო არჩევნების ერთი დღის იქეთ არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვის საფრთხემდე და ამ საფრთხის შეჩერება ახლა თითოეული ქართველის წმიდათა-წმინდა ვალია.

ოლიგარქმა ქნა ყველაფერი – მან დაარიგა ხახვი, კარტოფილი; გატყუებთ, რომ გაწერთ საბანკო ვალებს, თუმცა არაფერს არ გაწერთ. უამრავი სხვა დაპირება, გემუქრებათ….

ერთი რამ მინდა იცოდეთ – საარჩევნო უბანზე თქვენ რჩებით ერთი-ერთზე საარჩევნო ყუთთან და საკუთარ სინდისთან და საკუთარ პასუხისმგებლობასთან საქართველოს ისტორიის და საქართველოს შემდგომი არსებობა-არარსებობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე.

იქ უკვე თქვენ უნდა დადგეთ საქართველოს მხარეს. თუ თქვენ რეგიონებში მიდიხართ და მანქანაში, „მარშუტკაში“ თავისუფალი ადგილი გაქვთ, გთხოვთ, ის ხალხი წაიყოლეთ ვისაც საშუალება არა აქვს და მათაც მიაცემინეთ ხმა თავისი ქვეყნის გადასარჩენად. ხვალ წყდება საკითხი ჩვენი ქვეყანა გეკუთვნით თქვენ თუ მას ბოლომდე იდებს ჯიბეში ოლიგარქი და მისი პატრონი – რუსეთი.

ხვალ არის ერთის მხრივ, ხალხის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მეორეს მხრივ, ივანიშვილის, რუსეთის და საქართველოს მტრების კანდიდატი – ეს მოღალატე ქალი. აი, ეს არის არჩევანი. მოდი, გვერდზე გადავდოთ ჩვენი წინააღმდეგობები და განსხვავებები. მოდი, ყველანი გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და მომავლის გარშემო. მე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში. მე ვარ დარწმუნებული, რომ გველოდება ძალიან დიდი გამარჯვება წინ ხვალ. თქვენ ისევ სწრაფად წაიყვანთ ქვეყანას წინ იმიტომ, რომ მთავარი შემოქმედები ხართ თქვენ – ქართველი ხალხი. ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოდან წასულ ქართველებს და შევქმნით პირობებს, რომ ახალგაზრდები საკუთარ ქვეყანაში რჩებოდნენ და არსებობდნენ ღირსეულად”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.