საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: ამ პარლამენტსა და ამ ხელისუფლებას ხალხი დაანგრევს, რადგან 21-ე საუკუნეში ვერავინ შეძლებს ხმების ასე მიტაცებას

ქართველი ხალხი დაორგანიზდება და მათ გაუმკლავდება, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время– სთან ინტერვიუში კითხვაზე, რას მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციას გაუუქმებენ.

„ჩვენი ქმედება, რაც არ უნდა გააკეთონ, იქნება ერთი. ქართველი ხალხი დაორგანიზდება. დაუცდის კორონავირუსის ტალღის დასრულებას – ახლა საქართველოში დაავადების რიცხვით მსოფლიო რეკორდია. ჩვენ კი, არ გვსურს ჩვენი მშობლების, ბებიების, ბაბუებისა და ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობის საფრთხის წინაშე დაყენება. ქართველი ხალხი მათ გაუმკლავდება. თუ როგორ გაუმკლავდება, ამას იხილავთ. მოიმარაგეთ პოპკორნი. არავის გაუვა 2020-2021 წლებში ასე ბანალურად მიიტაცოს არჩევნები. ჩვენ ბანანის რესპუბლიკა არ ვართ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს, რადგან სწორედ ის ადამიანია, რომელმაც თავის გუნდთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა შექმნა. თუმცა კითხვაზე, კვლავ სურს თუ არა პრეზიდენტობა, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს „არა. მე ყოველთვის მარტივად ვამბობ უარს ნებისმიერ თანამდებობაზე“. მისივე თქმით, არ მიისწრაფის ძალაუფლებისკენ არც საქართველოში და არც უკრაინაში, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ უარს ამბობს ამ ქვეყნებში, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე.