საქართველო

მირზა სუბელიანი: ვეტყვი, რომ სოზარ [სუბარი], შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება, ხელისუფლების მიმართ განაწყენებას გამოხატავს და ჯაფარიძეს ეუბნება – „ერთადერთი ფაქტორი, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს“, რადგან ერთ დროს სუბარის ახლო მეგობარი და მისი სასჯელაღსრულების მინისტრობისას უწყების გენერალური ინსპექციის უფროსი, დღეს უკვე ფიქრობს, რომ მისი და სუბარის „გზები გაიყრება“.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი დეპუტატ ჯაფარიძეს იმასაც ეუბნება, რომ გაუშვან და „მიშას დაბრიდავს“. (შენიშვნა: სავარაუდოდ, იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი).

„ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია. ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა? მე ვიცი, შევხედავ, ძმაო. გვერდში ვჭირდები? გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი-ოთხი თვე მოვამზადებ და … ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე“, ეუბნება მირზა სუბელიანი ციხეში მასთან მყოფ ვიქტორ ჯაფარიძეს.

ამავე აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს, კახა კახიშვილს და ჟურნალისტ ლალი მაროშკინასაც ახსენებს.

„დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრ კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი, მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ…ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორემ შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში, ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ-მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა „ზეტში“ მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი-მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ…ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო…“, ეუბნება სუბელიანი ჯაფარიძეს.