საქართველო

მინდელის შახტაში დაღუპულთა ცხედრები ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტიდან მაშველებმა ექვსივე დაღუპული მაღაროელი ამოიყვანეს. ცხედრების ამოყვანის ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამთო მაშველები ახორციელებდნენ.

„საქნახშირის“ წარმომადგენელის თქმით, დაღუპულთა ცხედრები ქუთაისში, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

„სამწუხაროდ, დღეს გამთენიისას უდიდესი ტრაგედია მოხდა – მინდელის შახტაში, მე-10 გვირაბზე 6 ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ე.წ. სამთო დარტყმა, როგორც ამ წუთისთვის სპეციალისტები ამბობენ. სამი ადამიანი არის საავადმყოფოში გადაყვანილი. პირველ რიგში, მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი შვილები, თავიანთი ძმები, თავიანთი მამები. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მათ მივეხმაროთ ყველაფერში”, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ტყიბულში იმყოფება.