მსოფლიოს ახალი ამბები

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით („კოვიდ-19“) გარდაცვალებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით („კოვიდ-19“) გარდაცვალებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები კი თითქმის 250 000-ს შეადგენს.

ჩინეთმა, რომლის პროვინცია ჰუბეის ქალაქ უხანშიც დღემდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის ბოლოს იფეთქა, გამოაცხადა, რომ ოთხშაბათის შემდეგ, ქვეყანაში ადამიანთა შიდა დაინფიცირების შემთხვევა არც ხუთშაბათს გამოვლენილა.

იტალია კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის მიხედვით პირველი ქვეყანა გახდა მას შემდეგ, რაც ხუთშაბათ საღამოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში იქ 427 ადამიანი დაიღუპა და საერთო რიცხვმა 3 405 შეადგინა, ეს კი ჩინეთის ფატალურ შემთხვევებზე მეტია.

საფრანგეთში, ასევე  ხუთშაბათ საღამოს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 108-ით გაიზარდა და 372 შეადგინა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა, ჯერომ სალომონმა განაცხადა, რომ ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა „ყოველ ოთხ დღეში ორმაგდება“ და ვირუსი „სწრაფად და ძლიერად“ ვრცელდება.

ბოლო ერთ კვირაში საგრძნობლად იმატა ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ამ დროისთვის 9 400-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 152.

ოთხშაბათი პირველი დღე იყო ჩინეთში, როდესაც ახალი კორონავირუსის არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა. ქვეყანაში, სადაც აქამდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა, დღემდე 81 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა – 3 245 გარდაიცვალა, 70 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამჟამად ინფექციით 10 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული და მკურნალობას გადის.

ბოლო დღეებში ჩინეთი უკვე იმაზეა ფოკუსირებული, რომ ვირუსის საზღვარგარეთიდან შემოტანა აღკვეთოს. ბოლო პერიოდში გამოვლენილი მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა უცხო ქვეყნიდან შესულებს დაუდასტურდათ, ასე იყო ოთხშაბათსაც.

აფეთქების პიკზე, ჩინეთმა უმკაცრესი საკარანტინო ზომები გაატარა, შეზღუდა გადაადგილებები, რომ შეეჩერებინა გავრცელება, მაგრამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა და ახალი შემთხვევების საოცარი კლების მიუხედავად, ჩინეთი ჯერ კიდევ არ გამოსულა სრულად სახიფათო მდგომარეობიდან.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლა ქვეყნისათვის ყველაზე დიდ საფრთხედ ახალი კორონავირუსის საზღვარგარეთიდან იმპორტირება მიიჩნია და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა ქვეყანაში შემსვლელებზე კონტროლი. ჩინეთის ხელისუფლება ქვეყანაში შესულ ყველა მოქალაქეს საგულდაგულოდ ამოწმებს ან კარანტინში უშვებს.

GUARDIAN.GE