საქართველო

მთავრობა ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას განახორციელებს

საქართველოს მთავრობა წელს ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას განახორციელებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

„ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში, მოგეხსენებათ, ჩვენ სექტორულად ვეხმარებით სხვადასხვა დარგებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას. ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი ფერმერების არც ერთი გრამი პროდუქტი ​დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის და მოგეხსენებათ, მთავრობა ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას წელს და შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, ეს იქნება ვაშლი. ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებით შესახებ, 10 თეთრით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საბოლოოდ, ფერმერებისთვის ფასი არანაკლებ 22 თეთრი იქნება.

„ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, – აღნიშნა პრემიერმა.