საქართველო

მთავრობამ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების რეგულაციების დახვეწას მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესის დახვეწას ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, დაიხვეწოს ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც გაზრდის საარჩევნო სიის სიზუსტეს და გაუადვილებს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, იცვლება არჩევნებში იმ პირთა მონაწილეობის წესი, რომლებიც მოიხსნენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან; რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით; ან რომლებიც რეგისტრირებული არიან მისამართის მითითების გარეშე. კერძოდ, რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი, ასევე ის ამომრჩეველი, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა, საარჩევნო სიაში შევა ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო მისამართის გარეშე რეგისტრირებულები სიაში მოხვდებიან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ფაქტობრივი მისამართის შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის, არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველი შეძლებს მაშინ, თუკი არჩევნების დღემდე არანაკლებ 21 დღით ადრე გამოცხადდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, მიუთითებს მისამართს და გადაიღებს ციფრულ ფოტოს. ასეთ შემთხვევაში, ამომრჩეველი გათავისუფლდება სხვადასხვა მომსახურების საფასურის გადახდისაგან.
2014, 2016 და 2017 წლების არჩევნებისათვის ამ კატეგორიის პირთა საარჩევნო სიაში შეყვანის მიზანი საარჩევნო კოდექსისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთჯერადი რეგულირების შემოღების გზით მიიღწეოდა. 2016 წელს ეუთო-ს დასკვნაში ჩაიდო რეკომენდაცია, რომ, ერთჯერადად გარდამავალი დებულების მიღების ნაცვლად, მისამართის არმქონე ამომრჩევლებისათვის არჩევნების დღემდე ბევრად ადრე მოძებნილიყო გრძელვადიანი გამოსავალი.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების რაოდენობის შესამცირებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უფასო პირადობის მოწმობების აქცია რამდენიმეჯერ გამოაცხადა, თუმცა, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები პასიურობით გამოირჩევიან.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენიჭება უფლება, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს სხვადასხვა დაწესებულებიდან ინფორმაცია, რომელიც მას საარჩევნო სიის სრულყოფისათვის სჭირდება; სახელმწიფო ორგანოები კი, ვალდებულნი არიან, სამი დღის ვადაში მიაწოდონ ცესკო-ს ეს ინფორმაცია. დღეს მოქმედი რეგულაციით, შესაბამის ინფორმაციას საარჩევნო კომისია წელიწადში 4-ჯერ იღებს წინასწარ განსაზღვრულ დღეებში: ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისსა და 1 ნოემბერს. ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს მონაცემების ინტენსიურ განახლებას წინასაარჩევნო პერიოდებში;
საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირები მოხვდებიან სპეციალურ სიაში და შეძლებენ ხმის მიცემას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი საკონსულო აღრიცხვაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო უფლების რეალიზაცია შეუძლია მხოლოდ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან, ან თუკი ისინი არჩევნებამდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.