საქართველო

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშით გაიხსნა

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სისტემის ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული, მეცნიერება) განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთელ სისტემაში განათლების ევროპული მოდელისა და ხარისხის პრინციპების დანერგვის მნიშვნელობაზე, ახალი სკოლის მოდელზე, სკოლის უსაფრთხოებაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურაზე, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და მის მნიშვნელობაზე, სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე, ასევე, პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკასა და უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე. უკანასკნელი ერთ წლის განმავლობაში განათლების სისტემაში უპრეცედენტო ცვლილებები განხორციელდა და პროცესი გრძელდება.

ღონისძიების ფარგლებში ასევე საზეიმოდ გაიხსნა „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი-2019“, სადაც „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი“ კონკურსის 7 ნომინაციაში გამარჯვებული საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერები დააჯილდოვეს.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობა, 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება,

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი გახარიამ მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.