საქართველო

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და თბილისის დროით, დაახლოებით, 15:13 საათზე საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:17 საათზე გადმოვიდა.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.