საქართველო

მატისი ქართველ ლიდერებს მიუნხენში შეხვდა – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს

აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა – ნათქვამია პენტაგონის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რელიზში.

თავდაცვის მდივანმა აღნიშნა საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყნის, უდიდესი წვლილი აშშ-სა და ნატოს მხარდამხარ ავღანეთში, ამავე დროს გაიხსენა 32 დაღუპული და 290-ზე მეტი დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

ჯეიმს მატისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რელიზში ასევე, აღნიშნულია, რომ თავდაცვის მდივანმა ქართულ მხარესთან განიხილა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და საქართველოს შეიარაღებულ ძალებისთვის აშშ-ის დახმარება, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.