საქართველო

„მასობრივი განადგურების იარაღის ტექნიკური კურსის“ მესამე ეტაპის კულმინაციური სწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის და EOD-ის ასეულის წარმომადგენლებისთვის „მასობრივი განადგურების იარაღის ტექნიკური კურსის“ მესამე ეტაპის კულმინაციური სწავლება დასრულდა.

რქბ დაცვის ასეულისა და EOD-ის სამხედროებმა ორკვირიანი სწავლების ფარგლებში შეძენილი უნარ-ჩვევები დასკვნით ეტაპზე პრაქტიკაში განახორციელეს. მათ სცენარის მიხედვით აღმოაჩინეს უკანონო ლაბორატორია, სადაც მომწამვლელი ნივთიერება მზადდებოდა. სამხედროებმა უმოკლეს დროში მოახდინეს მომწამლავი ნივთიერების იდენტიფიცირება, გაუვნებელყოფა, დეკონტამინაცია და აღმოჩენილი ფეთქებადსაშიში მასალების განაღმვა.

სწავლების მიმდინარეობას ადგილზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე დააკვირდა.
სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეების უნარ-ჩვევების განვითარება და გაუმჯობესება, ასევე ქვედანაყოფების კომბინირებულად მოქმედება წარმოადგენს. სწავლება საქართველოში თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს DTRA-ს მხარდაჭერით ჩატარდა და მას ამერიკელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.