საქართველო

მარინა ეზუგბაია: გორსა და სოფელ მატანში დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილია, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან თავი შეიკავონ

გორსა და სოფელ მატანში დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილია, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან თავი შეიკავონ, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

„გორში 5 სექტემბერს კვლავ ჩატარდა 100-კაციანი ქორწილი, რაც გახდა მიზეზი გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში პირების დაინფიცირების. მოსახლეობას, მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ, დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ, თუ არადა  მრავალი ასეთი შედეგი დადგება, რაც კიდევ უფრო ცუდად წაადგება სიტუაციას“, – განაცხადა ერზუგბაიამ.

ეზუგბაიამ ასევე ისაუბრა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და კახეთის სკოლაში გამოვლენილ შემთხვევებზე.

„თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და კახეთში სკოლაში იყო დაინფიცირების შემთხვევები, უნივერსიტეტის  შემთხვევაში უკვე მოძებნილია კონტაქტები და ყველა იზოლირებულია. რაც შეეხება კახეთის სკოლას, კიდევ კარგი რომ არ არის სწავლის დაწყების პერიოდი, ბავშვები არ არიან ინფიცირებულები. პედაგოგებს შორის იყო გარკვეული შემხებლობა, ეს სიტუაციაც უკვე მართვადია. ძალიან დიდი სამუშაოები მიდის ქვეყანაში და იმედია, რომ სიტუაცია მოწესრიგდება, კონტროლირებადია ყველა რეგიონი. იმედია, მალე განხორციელდება რისკ-ჯგუფების ლოკალიზება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.