საქართველო

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში მეორე ტურის აქტივობამ პირველი ტურის აქტივობასაც კი გადააჭარბა

„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 12 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში მეორე ტურის აქტივობამ პირველი ტურის აქტივობასაც კი გადააჭარბა.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით, 20 მუნიციპალიტეტისთვის, სადაც ტარდება არჩევნების მეორე ტური.

12 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში მეორე ტურის აქტივობამ პირველი ტურის აქტივობასაც კი გადააჭარბა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. მადლობა ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის.

თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა იმ ძალებს, რომლებიც ქვეყანას არეულობით ემუქრებიან, არცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვების მცირეოდენი შანსიც კი არ დავუტოვოთ.

დღეს ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს არეულობის მუქარასა და მშვიდობას შორის. ჩვენს ქვეყანას და ხალხს ჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. დარწმუნებული ვართ, მოქალაქეები ოცივე მუნიციპალიტეტში, სწორედ ამ არჩევანს გააკეთებენ“, – განაცხადა ქვრივიშვილმა და ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

„თითოეული ხმა გადამწყვეტია, თითოეული ხმა განსაზღვრავს ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.