საქართველო

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიამობას აღნიშნავს

დღეს, 28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამაყრო ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა აღესრულება. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. 

საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საეკლესიო სწავლებით, იესო ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. ერთხელ, მაცხოვრის აკლდამაში ლოცვის დროს, მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი გამოეცხადა და ახარა, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. მესამე ჟამს (დაახლოებით დილის 09:00 საათზე) ღვთისმშობლის ამ სოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა. ღვთიმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონის მთიდან, გეთსიმანიაში გადაასვენეს. საეკლესიო სწავლების თანახმად, იესო ქრისტემ თავისი მშობლის წმინდა და უბიწო სული ზეცად აამაღლა. რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები სიონის მთაზე გაატარა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებს სიონს უწოდებენ.