საქართველო

მარგველაშვილი წარმოშობით ქართველებისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების უფრო ლიბერალურობას მხარს უჭერს

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქართული დიასპორის ფორუმზე „ქართული დიასპორა – ერთიანი საქართველოსათვის“ სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუკი, საქართველოს პარლამენტი სწრაფად მიიღებს კანონს და წარმოშობით ქართველებისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული პროცედურები უფრო ლიბერალური გახდება.

მან მადლობა გადაუხადა ქართული დიასპორის ორგანიზაციებს უცხოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისათვის და თქვა, რომ ქართული დიასპორის გამარჯვებები აძლიერებს ქვეყანასა და ქართულ საზოგადოებას, ამიტომ განსაკუთრებით სასიხარულო და აღსანიშნავია მათი ზრუნვა ჩვენი სამშობლოს მიმართ.

პრეზიდენტმა ქართული დიასპორის გაძლიერების მიმართულებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართული იდენტობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ქართული ენის შენარჩუნება. ამ კუთხით კი აღსანიშნავია, უცხოეთში დიასპორის შეკრების ადგილები და კულტურული ცენტრები, რომლებიც შექმნილია ეკლესიების ირგვლივ და საკვირაო სკოლების ფარგლებში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უაღრესად საყურადღებოა ენის შენარჩუნების საკითხი, ამიტომ ამ საკითხს მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდება.

„ენის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი მიზანი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსა და დიასპორას შორის მუშაობის და თანამშრომლობასთან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა მხარდაჭერა გამოხატოს იმგვარი პროექტების მიმართ, რითაც დიასპორები შეინარჩუნებენ მშობლიურ ენას, როგორც იდენტობის მთავარ ღერძს. ფონდი უკვე დაეხმარა რამდენიმე საკვირაო სკოლას და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ინიციატივებს ენის მიმართულებით. ამ კომპონენტის გაძლიერება მართლაც მნიშვნელოვანია“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.