საქართველო

მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მე-11 გამოშვების ცერემონია გაიმართა

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მე-11 გამოშვების ცერემონია გაიმართა.

პირად შემადგენლობას კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მოსამსახურეებს მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს, კარიერული წინსვლა უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სამხედრო მოსამსახურის განათლების ხარისხზე, ინსტიტუციურ განვითარებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე გაამახვილა: „სწორედ უმცროსი ოფიცრების კვალიფიკაციაზე, პასუხისმგებლობაზეა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება დამოკიდებული. პროგრამები, რომელიც მათ გაიარეს, აბსოლუტურად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან. ჩვენ მომავალში სწორედ მათი და ნატოელი პარტნიორების ძალისხმევით შევძლებთ იმ სტრატეგიული ამოცანის მიღწევას, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჰქვია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით კურსდამთავრებული ქალბატონების როლი აღნიშნა და მიღებული გადაწყვეტილებისთვის ქალ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა: „თქვენ აძლევთ საუკეთესო მაგალითს ქალბატონებს და არა მხოლოდ ქალბატონებს, არამედ, თითოეულ ჩვენგანს. დიდი მადლობა მონდომებისთვის, ჩართულობისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გენდერული თანასწორობა ჯარში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი“.
მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კურსდამთავრებულებს დიპლომები, კურსის უფროსსა და ინსტრუქტორებს კი კურსის წარმატებით ჩატარებისათვის, მადლობის სიგელები გადასცეს.

ქვეითი უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლაში 2018 წლის 10 სექტემბერს დაიწყო. 27 კვირიანი კურსი 49 სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის, 4 ქალბატონმა წარმატებით გაიარა. დღეიდან ყველა კურსდამთავრებული საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში, ქვეითი ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე განაწილდება.

კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა მსუბუქი ქვეითი ოცეულის ტაქტიკა, სახმელეთო ნავიგაცია შეისწავლეს და მხარდამჭერ და უზრუნველმყოფ ისეთ საგნებს გაეცნენ, როგორიცაა: ლოჯისტიკა, კავშირგაბმულობა, საარტილერიო ცეცხლის გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარება, საინჟინრო მომზადება, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. საერთო საჯარისო ცენტრისა და ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის ისტორიაში პირველად ჩატარდა ქვედანაყოფის ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლით.

მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი ერთ-ერთია საერთო საჯარისო ცენტრში, რომელიც ოცეულის მსუბუქი ქვეითი სპეციალობით მეთაურების მომზადებას უზრუნველყოფს.