საქართველო

მამუკა მდინარაძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მისი არჩევა არ იყო გუნდთან შეთანხმებული

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გამოწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილება ფრაქციის უმრავლესობამ მიიღო.

როგორც როსტომ მეფის სასახლეში ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევა გუნდში შეთანხმებული არ ყოფილა და პროცესი პროცედურული დარღვევებით წარიმართა.

„ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც კი შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულიყო იმის საპასუხოდ, რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი იურიდიულ კომიტეტში, ამიტომ მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება და წეღანაც ვთქვი, მეორეხარისხოვანიც კი არის, რომ პროცედურული დარღვევებით მოხდა მისი არჩევა, თუმცა ასეთი პრეცენდენტის დაშვება არის ძალიან ცუდი. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც არის სწორი, რაც გამოიხატა შემდეგ ფრაქციის გადაწყვეტილებაში – პოზიცია, რომელიც ემთხვეოდა ფრაქციის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას”, განაცხადა მდინარაძემ.

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.