საქართველო

მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა

მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, საზოგადოებას 8 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლა კორონავირუსის გამო არ უნდა შეეშინდეს.

„მიხეილ სააკაშვილს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ეს ქვეყანა არიოს. მეტი მიზანი მას არ აქვს. მიხეილ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს როცა უნდათ, კოვიდი არის უდიდესი პრობლემა, რომელსაც ქვეყანა ვერ უმკლავდება, ამასაც ტყუილს ამბობენ და როცა სჭირდებათ, კოვიდი პრობლემა აღარ არის, რადგან იქნებ 500 კაცით მეტი მივიდეს აქციაზე. იქნებ ვინმეს არ შეეშინდეს და რამდენიმე ასეულით მეტი ადამიანი გამოვიდეს აქციაზე. ამიტომ ცდილობს, რომ ეს პრობლემა პრობლემად აღარ ჩათვალოს, თითქოს კორონავირუსი საერთოდ არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხალხიც არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი საერთოდ არ არის და მათ რიგებს შეუერთდა ახლა მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ სამასით ან ექვსასით მეტი ადამიანი მივიდეს მის აქციაზე ქვეყნის ასარევად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.