საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, სადაც იგი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო ნეგატიურ წარსულს და სააკაშვილისდროინდელ ბოროტებას არასდროს დაუბრუნდება.
„ნურავინ გვაშინებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით, მას ელოდება საქართველოს მართლმსაჯულება და მას ელოდება საქართველოს პენიტენციური დაწესებულება. ჩამოვიდეს, დავხვდებით. თუ ამ თემაზე სერიოზულად ვისაუბრებთ, საქართველო ნეგატიურ წარსულს არასდროს დაუბრუნდება. რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას ის ბოროტება ავიწყდება, რაც ჩვენს ქვეყანას მაშინდელმა ხელისუფლებამ თავს დაატეხა. ყველა შემთხვევაში, ეს პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული. უკვე მივეჩვიეთ, რომ ყველა არჩევნების წინ, ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება და თავისი ჩამოსვლით, გააქტიურებით „გვაშინებს”. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო ნეგატიურ წარსულს და იმ ბოროტებას არასდროს დაუბრუნდება”, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

