საქართველო

მამუკა მდინარაძე: დაპირისპირების, კლანების, ვიღაცის გადადგომის თემები გუნდის შიგნით არ განიხილება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დეპუტატების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  „დაპირისპირების, კლანების, ვიღაცის გადადგომის თემები გუნდის შიგნით არ განიხილება”.

„გუშინ პარტიის ოფისში, ამ საკითხებთან დაკავშირებით შედგა შეხვედრა. შეფასებას, რომ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან უხეშად დაირღვა პარტიული დისციპლინა, გაკეთდა არაკორექტული განცხადებები, პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაეთანხმა, მათ შორის, პრემიერ მინისტრი.

ამის მიუხედავად, ასეთი განცხადებების კეთება და ამით პარტიული დისციპლინის დარღვევა კვლავ გრძელდება, თუმცა ყველას ვთხოვ, რომ ნუ აყვებიან ამ ცალკეულ განცხადებებს.

შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უახლოეს დღეებში ყველაფერი დალაგდება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ დალაგდება ეს საკითხი, გარწმუნებთ რომ პრობლემა აღმოიფხვრება, პარტიაში იქნება შეხვედრა, ამ განცხადებებს დეტალურად განვიხილავთ, იქნება შესაბამისი რეაგირება. დაპირისპირების, კლანების, ვიღაცის გადადგომის თემები გუნდის შიგნით არ განიხილება“, აცხადებს მამუკა მდინარაძე.