საქართველო

მამუკა ბახტაძე: „Doing Business“-ის რეიტინგში საქართველო დაწინაურდა და ჩვენ დავიკავეთ მე-6 პოზიცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის „Doing Business“-ის რეიტინგში, საქართველოს დაწინაურება “ძალიან დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯად” შეაფასა. მან მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ეს ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, წარმატებულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას”.

“როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წუთის წინ მსოფლიო ბანკმა გაავრცელა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მინდა, ყველას მივულოცო საქართველოს წარმატება და მოგაწოდოთ სასიხარულო ინფორმაცია, რომ მსოფლიო ბანკის „Doing Business“-ის რეიტინგში, რომელიც გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო რეიტინგი, საქართველო დაწინაურდა და ჩვენ დავიკავეთ მე-6 პოზიცია, ეს გახლავთ მსოფლიო ბანკის მონაცემები.

“ასეთი წინსვლა ნიშნავს ძალიან დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის მიმართულებით, ეს ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, წარმატებულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და, რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა, როდესაც მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას ასეთ მნიშვნელოვან და მე ვიტყოდი, ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებში.

რეიტინგების ყოველწლიურად გაუმჯობესება და საქართველოს დაწინაურება იმის წინაპირობაა, რომ ჩვენი ქვეყანა იქცევა უპირობო ლიდერად არა მარტო კავკასიის, არამედ უფრო ფართო რეგიონშიც ეკონომიკის და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველო უკვე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ქვეყანა და ამ მხრივ ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგები. თქვენ იცით, თუ რა არის ჩვენი მთავრობის ხედვა – საქართველო უახლოეს წლებში უნდა იყოს ყველა საერთაშორისო რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში. დღევანდელი მონაცემიც ამაზე მეტყველებს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დავაწინაუროთ.

ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ საქართველო უფრო ეფექტურად ინტეგრირდეს მსოფლიო ეკონომიკაში. საჭიროა, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ლიდერი და ეკონომიკური ცენტრი. სხვაგვარად ჩვენ გაგვიჭირდება იმ ეკონომიკური გამოწვევების დამარცხება რომლის წინაშეც ვართ.

აქვე მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა კოლეგას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში. მადლობა მინდა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს, მადლობა ჩვენს კოლეგებს იუსტიციის სამინისტროდან და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს მეგობრებს მსოფლიო ბანკიდან. სწორედ, ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად მივიღეთ ეს უნიკალური წარმატება.

დარწმუნებული ვარ, ამ მონაცემებს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სულ მალე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო სასამართლო წარმოდგენილი იქნება საქართველოში, ამ ნაბიჯით ჩვენ რეალობად ვაქცევთ საქართველოს ბიზნეს- და საარბიტრაჟო რეგიონულ ჰაბად ტრანსფორმირების პროექტს. ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ „მსოფლიო ბანკთან“ და ჩვენ უკვე ჩავერთეთ ადამიანური რესურსები განვითარების პროექტში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდული რესურსის სწორად გამოყენებისთვის. მოგეხსენებათ, რომ სწორედ, განათლების რეფორმა იქნება შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვენს დღის წესრიგში. დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ ისეთ წარმატებას, როგორ წარმატებაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ.

ჩვენ გვაქვს საქართველოში ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა, თუმცა ყველაზე მთავარი გახლავთ სიღარიბე. საბოლოო ჯამში სწორედ ასეთი წარმატებები დაგვეხმარება,საქართველო ეკონომიკურად გავაძლიეროთ, გავხადოთ რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რაც წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე”, განაცხადა ბახტაძემ.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა თქვა, რომ საქართველო  უსაფრთხო და სანდოა ბიზნესის კეთებისთვის.

“მსოფლიო ბანკის ჯგუფის სახელით, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის 2019 წლის ანგარიშში, საქართველო კვლავ დაწინაურდა. ეს არის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხო და სანდოა ბიზნესის კეთებისთვის. გასული წლის რეიტინგში საქართველო იყო მე-9 ადგილზე და წელს მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. იმედი გვაქვს, საქართველო მომდევნო წლებში კიდევ უფრო დაწინაურდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ეკონომიკა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მან შეინარჩუნა ძლიერი პოზიცია პირველ ათეულში. ბიზნესის კეთების ანგარიში აქცენტს აკეთებს იმ გამოწვევებზე, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებში მსოფლიოს 190 ქვეყანაში არსებობს. ეს გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ ყველაზე ეფექტური ქვეყნები. ამ მიზნის მისაღწევად ანგარიშზე მომუშავე გუნდი ახდენს ქვეყნების ანალიზს ბიზნესის კეთების კუთხით, როგორ იწყება და რეგისტრირდება ბიზნესი, რამდენად მარტივია ქონების რეგისტრაცია, სესხის აღება, რამდენად დაცულია მინორიტარული აქციონერების უფლებები , რამდენად მარტივია გადასახადების გადახდა, ექსპორტ-იმპორტი, საერთაშორისო ვაჭრობა და გაკოტრების პროცედურები. საქართველო ამ რეიტინგში წლების განმავლობაში მუდმივად წინ მიდის და წლევანდელი შედეგი არის იმის მტკიცებულება, რომ პროგრესული რეფორმები და პროგრამა ძალიან წარმატებულია. უფრო კონკრეტულად ვიტყვი, რომ საქართველოში წელს განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები კიდევ უფრო დააწინაურებს საქართველოს პოზიციას. საქართველოში უფრო მარტივი იქნება ბიზნესის დაწყება, რეგისტრაციის შემდგომი პროცედურები, საგადასახადო რეგისტრაციის, ლიცენზირების პროცედურები. ასევე გამარტივდა გადასახადების გადახდა, რამდენადაც საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდა, შემცირდა დეკლარაციების რაოდენობა დაა დეკლარირების ვადები. ამასთან ერთად, ელექტრონული გადახდები, სასამართლო სისტემაში საქმეების ავტომატური განაწილება, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, საქართველოს უფრო მაღალი რეიტინგი მივანიჭოთ; ვიფიქროთ, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება უფრო მარტივია, ვიდრე წინა წლებში იყო. მეწარმეს არ სჭირდება სხვადასხვა ორგანოში სიარული სამეწარმეო-ეკონომიკური სუბიექტის საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად, სისტემა ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობს და ბიზნესსუბიექტებს მარტივი პროცედურებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ამ წარმატებული რეფორმების შედეგები და მოვუწოდო, ასე განაგრძოს მუშაობა და კიდევ უფრო მაღალი რეიტინგები მიიღოს მომდევნო წლებში”, განაცხადა ტემბონმა.