საქართველო

მამუკა ბახტაძე: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „მტკიცე სული/Agile Spirit 2019“-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დასავლელ პარტნიორებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისინი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ.
„ჩვენმა ქვეყანამ უკვე მეცხრედ უმასპინძლა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას, რომელიც ამჯერად „მტკიცე სული 2019“-ის სახელით მოეწყო. ასეთი სწავლებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სულ უფრო გვაახლოებს ნატო-სთან და ზრდის ალიანსთან ჩვენი ქვეყნის თავსებადობის დონეს. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ მრავალეროვნულ სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, და თითოეული ეს ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო ქომაგია, ისევე, როგორც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.