საქართველო

მამუკა ბახტაძე სენატორ როჯერ უიკერს შეხვდა – ამერიკელმა სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს სენატორს, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, როჯერ უიკერს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე, ქვეყანაში ინსტიტუციების განვითარებაზე; რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა და სენატორმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის.

სენატორმა როჯერ უიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მან პოზიტიური შეფასება მისცა ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. სენატორმა რწმენა გამოთქვა, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. საარჩევნო პროცესს ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება.

პრემიერ-მინისტრისა და სენატორის შეხვედრა აშშ-ის სენატში გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.