საქართველო

მამუკა ბახტაძე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ოპონენტების სპეკულაცია უწოდა

ვინც ფეხს ვერ აუწყობს სწრაფ ტემპებს, მათი ადგილი ვერ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ იმ კონტექსტს, რა კონტექსტითაც კითხვა დაისვა, ბუნებრივია, ეს არის სპეკულირება ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ახალი თემა შექმნან სასაუბროდ, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციიდან შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი მოქალაქეებიდან, როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში და ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს გზავნილები არის ძალიან კარგად გააზრებული.

2019-2020 წლებში, ჩვენ თუ დავაჯამებთ საქართველოს ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. ბუნებრივია, არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენ ამ რესურსით შევძლებთ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ ეს არის რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კონკრეტული შედეგები დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის – ყველა მიმართულებით, შეეხება ეს სოციალურ პოლიტიკას, შეეხება ეს ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, ინფრასტრუქტურის უფრო სწრაფ მშენებლობას, რომელიც რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირიშია ეკონომიკურ ზრდასთან. ეს ციფრი, რაც მე დაგისახელეთ, მოითხოვს ძალიან ეფექტურ მენეჯმენტს, რომ ჩვენ შევძლოთ აღნიშნული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვჭირდება და აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას იმისთვის, რომ ტემპები და სიჩქარე ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი. ბუნებრივია, ამ ტემპს ვინც ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება, ძალიან ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ იმ კონტექსტს, რა კონტექსტითაც კითხვა დაისვა, ბუნებრივია, ეს არის სპეკულირება ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ახალი თემა შექმნან სასაუბროდ. ზოგადად, იცით, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა ლიდერობს დეზინფორმაციებისა და ფეიკ ნიუსების ჭრილში და ესეც ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ რაც შეეხება მიდგომას მმრათველობითი სისტემის მოდერნიზაციას, ამაზე ჩემი პასუხი არის პრინციპული“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დაამატა, რომ იგი მინისტრთა კაბინეტის მუშაობით კმაყოფილია.

„ჩვენ გვყავს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან კარგად ართმევს თავს იმ პროგრამის შესრულებას, რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ვართ ორიენტირებული სწორედ ამ ორწლიანი პროგრამის ეფექტურად შესრულებაზე. ჩვენ გვაქვს 10-წლიანი განვითარების გეგმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს 2 წლიანი გეგმა“, აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

guardian.ge