საქართველო

მამუკა ბახტაძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პედრო სერანოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს პედრო სერანოს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღინიშნა საქართველოს, როგორც გლობალური უსაფრთხოების სფეროში საიმედო მოკავშირის როლი.

ყურადღება გამახვილდა შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საუბარი შეეხო ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივ პროექტებს, რომელიც ევროკავშირის თავდაცვითი ელემენტების გაძლიერებაზეა კონცენტრირებული და ამ მიმართულებით საქართველოს როლის გაძლიერებას.

შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.