საქართველო

მამუკა ბახტაძე აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც, პრემიერის შეფასებით, ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას. ამ კონტექსტში განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები და ამ კუთხით მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობა, რაც ამერიკულ კომპანიების ინტერესის ზრდას და ორმხრივი ვაჭრობის წახალისებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლის შედეგადაც საქართველო საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა და პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულება გაიზარდა. ხაზი გაესვა ასევე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის საუბარი შეეხო მართლმსაჯულებისა და განათლების სისტემის რეფორმას.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და გამოწვევები. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან კონგრესმენ დევიდ პრაისის ხელმძღვანელობით, თბილისს 15 აპრილს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან – თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ვერნ ბიუქენანი, კონგრესის წევრი დინა ტიტუსი, კონგრესმენი მაიკლ კონევეი, კონგრესმენი ჯერი კონოლი, კონგრესმენი ადრიან სმიტი, კონგრესის წევრი ბარბარა ლი და კონგრესის წევრი ტერი სიუელი.