საქართველო

მამუკა ბახტაძე ავსტრიის ფედერალურ კანცლერს, სებასტიან კურცს შეხვდა

საქართველო-ავსტრიის ძლიერ ორმხრივ ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა სებასტიან კურცმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ამ გზაზე დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მთავრობა აფასებს.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით მიმდინარეობაზე და ამ ტენდენციის გაგრძელების მნიშვნელობაზე, ასევე – პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი.

საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერს საკუთარი ხედვა გააცნო და განსაკუთრებით აღნიშნა ავსტრიის, როგორც პროფესიული განათლების სფეროში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ემსახურება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია.