საქართველო

მამუკა ბახტაძემ წეროვანში ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში დღეს ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სამხედროებს საშუალებას მისცემს, რეაბილიტაცია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სარეაბილიტაციო ცენტრში გრძელვადიანი რეაბილიტაციის საშუალება ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს.

მთავრობის მეთაურმა სარეაბილიტაციო ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება და ამერიკელ პარტნიორებს პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„წეროვანში შენდება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაიჭრნენ. ეს იქნება მსგავსი სტანდარტით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი ცენტრი ჩვენს რეგიონში და მსურს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ჩვენ ამ ცენტრის მშენებლობა შარშან ზაფხულში დავაანონსეთ და ის წლის ბოლომდე დასრულდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შენობა აღჭურვილი იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზითა და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს დაეხმარება როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც. ცენტრში განთავსებული იქნება მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის.

პრემიერ-მინისტრი წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.