საქართველო

მამუკა ბახტაძემ რუსეთს გაერო-ს ტრიბუნიდან მოუწოდა: „შეასრულეთ ნაკისრი ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან“

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც ამ წუთებში ნიუ იორკში, გაერო-ს ტრიბუნაზე ქართულ ენაზე სიტყვით გამოდის, მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, „ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს სამშვიდობო ინიციატივებს“ და გაიყვანოს მისი ჯარები ქართული მიწიდან.

„დღეს 27 სექტემბერია, უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღი ჩემი ქვეყნის ისტორიაში 25 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია. 10 წლის წინ კი, რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია. ამ სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. ეთნიკური წმენდის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი დღესაც დევნილობაშია, ფეხქვეშ ითელება ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის უფლებები“, აღნიშნა ბახტაძემ.

მან „უმძიმესი და საგანგაშო” უწოდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ მდგომარეობას და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მზარდი მილიტარიზაცია მიმდინარეობს.

„უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. მიმდინარეობს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია. სულ უფრო მწვავე სახეს ღებულობს მოსახლეობის დეპოპულაცია, მოსახლეობის მკვეთრი შემცირება. ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით 4-ჯერ 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლოების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავების და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. ჩვენ მოქალაქეებს უკრძალავენ მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. ამის მსხვერპლი ბოლოხანს გახდნენ ჩვენი მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული. სწორედ ამ და სხვა სატიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულებების ჩამდენი პირების გვარები. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი“, განაცხადა ბახტაძემ.

„მივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან“.

ბახტაძემ თქვა, რომ გაერო 2008 წელს რუსეთის საქართველოსადმი გადადგმული აგრესიული ნაბიჯისა და შემდგომი გამოწვევების გარშემო ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე და აუცილებელია მისი რეფორმა.

guardian.ge