პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად 14 სამინისტრო 11-ამდე შემცირდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს და გარკვეულ დროს საჭიროებს.
მან აღნიშნა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა მას შემდეგ რაც სტრუქტურული ცვლილებები მოხდება.
„უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას. ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი, მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც თავის თავში გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ სამთავრობო სტრუქტურებს და შემცირებულ მთავრობის ზომას მთლიან ეკონომიკაში.
ჩვენს მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება. ეს რეფორმა სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროსა და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვსდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება, ხოლო დაახლოებით, 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება კონსულტაციები პარლამენტში, ეს პროცედურები – განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე ხელახლა უნდა გავიაროთ განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროის დაზოგვის პროცედურული ფორმალიზმისა და დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში გავიაროთ, ხოლო სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობის დეტალური განხილვა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოვახდინოთ, როდესაც პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად წარსდგებიან უშუალოდ ის მინისტრები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე.
აქვე მინდა დავაზუსტო, რომ სამთავრობო პროგრამა სრულად არის მზად და დღეს იგი დადგენილი პროცედურის თანახმად, განსახილველად რჩება პარლამენტში. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი შედგება”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დაამატა, რომ სამინისტროების ოპტიმიზაციით ბიუჯეტში დაახლოებით 100-120 მილიონი ლარი დაიზოგება, რაც სოციალური მიმართულებით დაიხარჯება.