აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

მაკრონმა ტრამპს უთხრა, რომ „შეშფოთებულია“ იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, ერთპიროვნულად აღიაროს იერუსალიმი, როგორც ისრაელის დედაქალაქი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ იგი „შეშფოთებულია“ იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაძლოა ერთპიროვნულად აღიაროს იერუსალიმი როგორც ისრაელის დედაქალაქი.

ნებისმიერი გადაწყვეტილება იერუსალიმის სტატუსზე უნდა იქნას მიღებული „ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებების ჩარჩოებში“, განაცხადა მაკრონმა, როგორც ამას BBC იუწყება.

უფრო ადრე მსგავსი გამაფრთხილებელი განცხადებები გააკეთა რამდენიმე არაბულმა და მუსულმანურმა სახელმწიფომ.

გავრცელებული ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად მიმდინარე კვირას აღიარებს.

ორივე, ისრაელი და პალესტინა ამტკიცებს, რომ იერუსალიმი მათი დედაქალაქია.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჰოგან გიდლიმ ხაზგასმით თქვა, რომ „პრეზიდენტი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ამ საკითხზე“ და გადაწყვეტილების გამოცხადება მხოლოდ დროის ამბავია.

ყველა პრეზიდენტი, მათ შორის ტრამპი ყოველ ექვს თვეში ხელს აწერს შეერთებული შტატების ისრაელის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადადების დოკუმენტს მას შემდეგ, რაც 1995 წელს კონგრესმა მიიღო აქტი საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე.

იერუსალიმის სტატუსი ისრაელის პალესტინელებთან კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი საკითხია. პალესტინელებს მხარდაჭერას მთელი არაბული და ისლამური სამყარო უცხადებს.

ქალაქში, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი რელიგიური მიმდინარეობების – იუდაიზმის, ისლამის და ქრისტიანობის უწმინდესი ადგილებია.

ისრაელმა ტერიტორიის ოკუპაცია 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს მოახდინა და მთელ ქალაქს მის განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს.

პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ და 1993 წლის ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, მისი საბოლოო სტატუსი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე უნდა იქნეს განხილული.

ისრაელის სუვერენიტეტი იერუსალიმზე, არასდროს ყოფილა აღიარებული საერთაშორისო დონეზე, და ყველა ქვეყანა, მათ შორის ისრაელის ყველაზე ახლო სტრატეგიული მოკავშირე, შეერთებული შტატები, თავიანთ საელჩოებს თელ-ავივში ინარჩუნებს.

GUARDIAN.GE